აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო საჩივარი, რომელიც პენსილვანიაში ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ განაცხადა, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბს არ გამოუთქვამს კონკრეტული ბრალდებები და არ მიუწოდებია მტკიცებულება. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს სურდა, სააპელაციო სასამართლოს გაეუქმებინა დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი პენსილვანიის შტატში მილიონობით საარჩევნო ბიულეტენის ბათილად ცნობის შესახებ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.