თბილისის სააპელაციო სასამართლო მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივრის განხილვას იწყებს. კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განმარტებით, დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევას ითხოვს. სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 25 მაისს, 14:00 საათზეა დანიშნული.
მსჯავრდებული მიხეილ კალანდია ითხოვს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი სასამართლო პროცესები დისტანციურ რეჟიმში არ წარიმართოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა.