სააკაშვილისთვის ტრეფიკინგის ან ორგანოების მოჭმის დაბრალება უფრო ახლო იქნებოდა და შედეგსაც უფრო გამოიღებდა, ვიდრე დავით გარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა. ამ აბსურდს, როცა ტერიტორია არავის გაუსხვისებია, ჯობდა სხვა რაღაცები გაეკეთებინათ, - ამის შესახებ საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) დამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმეში არანაირი ლოგიკა არ არსებობს და სამართლებრივად და პოლიტიკურად აბსოლუტურად „შტერული გადაწყვეტილებაა“ მიღებული.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.