მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი ჯონ სენდვიჯი აცხადებს, რომ არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების დაცვა და განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტისა იმ პირობებში, როდესაც ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მან პასუხისგებაში მისცა, ახლა იგივე დაწესებულებაში არიან. ამის შესახებ ექს პრეზიდენტის ადვოკატმა გლდანის 318 სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, ცხადია, რომ პატიმრებს საკმაო კონტროლი აქვთ ამ დაწესებულებაზე და გაუგებარია, როგორ შეძლებს ხელისუფლება მისი მოვალეობის შესრულებას, რომ დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება მსგავს დაწესებულებაში. ამასთანავე, ადვოკატის თქმით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულება არ არის შესაბამისად აღჭურვილი იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნები სათანადოდ დააკმაყოფილოს.