29 იანვარს ეგვიპტის სურსათის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 360 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა, რომელიც ქვეყანამ მარტის მეორე ნახევარში უნდა მიიღოს. ტენდერში რუსულმა ხორბალმა სიძვირის გამო წააგო. კერძოდ, ტენდერზე შეთავაზებული იყო რუსული ხორბლის ორი ფასი - 255 და 260 დოლარი ტონაზე, მაშინ როცა, ფრანგული ხორბლის ფასი ტონაზე 243 დოლარიდან 250 დოლარამდე მერყეობდა; ხოლო რუმინულის - 249 და 260 დოლარის ფარგლებში იყო. შედეგად ეგვიპტე, რომელიც მსოფლიოში ხორბლის მოცულობების ნომერ პირველი შემსყიდველია, მარტში ხორბალს სწორედ საფრანგეთისა და რუმინეთისგან შეიძენს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ბოლო ტენდერმა აჩვენა, რომ რუსულ ხორბალზე საექსპორტო მოთხოვნა მცირდება, ამის მიზეზი კი რუსეთში ხორბლის ფასების ზრდაა. რუსეთის მეხორბლეთა კავშირის ხელმძღვანელის არკადი ზოლოშევსკის განცხადებით, მარცვლეულის ფასი რუსეთში ახლა უმაღლეს დონეზეა. ამასთან, მისი შეფასებით, შემცირდება რუსული ხორბლის ექსპორტი. ზოლოშევსკის თქმით, ამ წლის იანვრის ბოლოსთვის რუსეთიდან საზღვარგარეთ მარცვლეულის მიწოდების მაჩვენებელი 2 მილიონ 750 ათასი ტონაა, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით, 188% -ით ნაკლებია.