აგრარული ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტის, „იკარის“ მონაცემებით, 12,5% პროტეინის შემცველობის ტონა რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი დეკემბრის ბოლო-იანვრის დასაწყისში 5 დოლარით დაეცა და 329 დოლარი (FOB) შეადგინა.
თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 თებერვლისთვის ფქვილის ფასი, ნოემბერთან შედარებით, შესაძლოა, 2,9%-ით გაიზარდოს და ტონაზე 24 600 რუბლი ანუ 326 დოლარი შეადგინოს.
უწყება განმარტავს, რომ მართალია, ხორბალზე მსოფლიო ფასები ევროკავშირიდან პროდუქციის ექსპორტის მაღალი მაჩვენებლების, რუსეთის ფედერაციაში საექსპორტო გადასახადის ზრდისა და ავსტრალია-არგენტინის კარგი მოსავლის მოლოდინების გამო იკლებს, მაგრამ ფქვილისა და პურის სამეწარმეო ხარჯები ინფლაციის შედეგად იზრდება, რაც წარმოების ღირებულებასაც ზრდის.
ცნობისათვის, საქართველოში როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. ორივე პროდუქტის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის.