რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია კვლავ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე, დიმიტრი შაშკინი, თაკო ჩარკვიანი, ნიკა ვაშაკიძე და მამუკა ჩიქოვანი მივიდნენ. მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები ელოდებოდნენ. „საპროტესტო კამპანია - ,,არა ციხეს“ წევრებმა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ციხის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. მეორე კვირაა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსთავში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას მოითხოვენ.