რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო სხდომაზე, როგორც ბრალდების მხარე აცხადებდა, დაკავებულებს საზღვარგარეთ კავშირები აქვთ, რის გამოც, ისინი მოსალოდნელი ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამო, შესაძლოა, მიმალულიყვნენ. პროკურატურა ასევე აცხადებდა, რომ დაკავებულების ნაწილს - გიორგი გეთაშვილსა და გიორგი ასათიანს, საზღვარგარეთ წასვლის გამარტივების მიზნით, გვარიც კი შეცვლილი აქვთ. პროკურატურა ასევე განმარტავდა, რომ საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ გამოძიებამ მკვლელობის იარაღის ამოღებაც ვერ შეძლო, რომელიც ბრალდებულს აქვს გადამალული. შესაბამისად, ჩასატარებელია საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, ბრალდებულებმა ხელი შეუშალონ.
დაცვის მხარე დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.