ტელეკომანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების შეთავაზებას, წილების 40%-ის მათთვის გადაცემაზე უარით პასუხობენ. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელმაც არხის თანამშრომლების საპასუხო მიმართვა გააჟღერა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წილების 40%-ის ტელეკომპანიის კოლექტივისთვის გადაცემა რეალურად სურათს ვერ შეცვლის, ვინაიდან აქციათა საკონტროლო პაკეტი მაინც ძმებ ყარამანიშვილების ხელში დარჩება. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ძმებ ყარამანიშვილებს საპასუხო ინიციატივით მიმართავენ და სთავაზობენ, რომ მათ შპს "ტელეკომპანია საქართველო" გადაეცეთ, რომელიც "რუსთავი 2"-ის წილების საკონტროლო პაკეტს ფლობს. "გადმოგვეცეს საკუთრებაში შპს "ტელეკომპანია საქართველო", რაც ერთადერთი გზაა, როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად, - განაცხადა გვარამიამ.