სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ. ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია „საქართველოს“ სახელით ნიკოლოზ ნაყოფია აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“ იყო არა ლოგოს, ბრენდისა და შენობების, არამედ იმ ადამიანების ძალისხმევით შექმნილი ერთობა, რომლებიც ქმნიდნენ მის შინაარსს და, ამით, ქვეყნის ისტორიასაც. ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია „საქართველოს“ სახელით ნიკოლოზ ნაყოფია მადლობას უხდიან ყველას ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად და თავდაუზოგავად შრომობდა, რათა „რუსთავი 2“ ყოფილიყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვასთან ასოცირებული, ლიდერი კომპანია ქართულ სატელევიზიო ბაზარზე. „გუშინ თქვენ მთელ საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენეთ გაუტეხლობის, პატრიოტიზმის, პროფესიისადმი ერთგულებისა და, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სამოქალაქო გმირობის მაგალითი. გვჯერა, სადაც არ უნდა გააგრძელოთ მოღვაწეობა, ყველგან კვლავ იდგებით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე“, - ნათქვამია განცხადებაში.