რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ "ბასიანში" და კლუბ "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით იმართება. პარლამენტის წინ იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.