რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, კაკაბაძის ქუჩის 2 ნომერში, ასფალტის საფარი ჩაინგრა. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ადგილზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ქსელის მილი დაზიანდა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია. იმის გამო, რომ სასმელი წყლის მილია დაზიანებული, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ნაწილს გარკვეული პერიოდის განმავლობაში წყლის მიწოდება შეეზღუდება.
ბენდელიანის თქმით, როგორც კი დაზიანებული მილი და წლის მიწოდება აღდგება, ამის შემდეგ ყველა პროვაიდერ კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა, რომ შეამოწმოს თავისი ქსელი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორის ზურაბ ალფაიძის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები იმისთვის, რომ მოხდეს დაზიანების ადგილის განსაზღვრა და აღდგენა. წყალმომარაგების აღდგენა საღამოს საათებში მოხდება. ალფაიძის განცხადებით, წყალი დაახლოებით 5000 ოჯახს არ მიეწოდება.