რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის - ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე უკვე დამონტაჟებულია სცენა, რომლიდანაც სიტყვით გამომსვლელები აქციის მონაწილეებს მიმართავენ, ასევე მიმდინარეობს სასცენო აპარატურის მონტაჟი.
სცენის მიმდებარე ტერიტორია კი ბარიერებით არის შემოსაზღვრული.
ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია 20:00 საათზე გაიმართება. აქციის გამართვის გადაწყვეტილება 24 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც 3 ივლისს იწურება.
ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადება.