არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან 8 აგვისტოს მომხდარი ავარიის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ადგილას განთავსებულმა სადგურებმა, რომლებიც რადიაციული ფონის მონიტორინგს ეწევიან, მონაცემების გამოქვეყნება თანმიმდევრულად შეწყვიტეს ან შეაფერხეს.
ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლასინა ზერბომ განაცხადა, რომ ის და მისი თანამშრომლები უკავშირდებიან რუს კოლეგებს და შეფერხებული მუშაობის სწრაფად აღდგენას სთხოვენ. მანვე ორშაბათს რადიაციული ღრუბელის შესაძლო გავრცელების ინტერაქტიული რუკა გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ რუსეთი მონაცემების დამალვას ცდილობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რაიბკოვმა კი განაცხადა, რომ რადიაციული მონიტორინგის მონაცემების გასაჯაროება ვალდებულება არ არის და ამას ყველა სახელმწიფო საკუთარი სურვილით აკეთებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი ლასინა ზერბოს გამოქვეყნებულ ინტერაქტიულ რუკას "საკმარისად აბსურდული" უწოდა.