რუსეთის აგროსამრეწველო კომპლექსმა მარცვლეულის დათესვა, თითქმის, დაასრულა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული აგროანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, საგაზაფხულო ხორბლით დათესილმა მინდვრებმა 2016 წლის რეკორდულ ფართობს მიაღწია. ცენტრის მონაცემებს აგრარული ბაზრების ონლაინ-გამოცემა Совэкон-ი ავრცელებს.
7 ივნისის მონაცემებით, მარცვლეული 29 მილიონ ჰექტარზეა დათესილი, რაც დასახული მიზნის 99%-ს შეადგენს. წელს, შარშანდელთან შედარებით, მარცვლეული 200 ათასი ჰექტარით მეტ ფართობზე დაითესა. კერძოდ, ხორბლის მინდვრებმა 12 მილიონ 900 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 1,7%-ით, ხოლო შარშანდელზე 600 ათასი ჰექტარით მეტია.
Совэкон-ის შეფასებით, სათესი მინდვრების ფართობის ზრდა შესაძლოა, ცენტრალურ რეგიონებში საშემოდგომო ხორბლის მასშტაბურ გადათესვასა და მიმდინარე სეზონზე რეკორდულ ფასებს უკავშირდებოდეს. ექსპერტების პროგნოზით, თესვის დასრულებამდე შესაძლოა, დამატებით 200 ათასი ჰექტარი მიწა დაითესოს, რის შემდეგაც მთლიანი დათესილი ფართობი 2016 წლის შემდეგ ყველაზე დიდი იქნება.