რუსეთში კორონავირუსის ახალი, AY.4.2 ვარიანტით დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები გამოვლინდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების შემუშავების სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა კამილ ხაფიზოვმა განაცხადა.
„დიახ, AY.4.2 ვარიანტის ცალკეული შემთხვევები უკვე ფიქსირდება რუსეთში. ეს არის „დელტა“ ვარიანტის ერთ-ერთი ქვეტიპი, რომელსაც, ვირუსის ორიგინალურ და სხვა ვერსიებთან შედარებით, სავარაუდოდ, რიგი უპირატესობები გააჩნია“, - აღნიშნა ხაფიზოვმა.
მისი ვარაუდით, AY.4.2-ის გავრცელება რუსეთში ეპიდსიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს.
ცნობისათვის, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში „დელტა“ შტამის ახალი ვარიანტი ვრცელდება. ზოგიერთი ბრიტანელი მეცნიერის აზრით, AY.4.2 ვარიანტი, შესაძლოა, წინა ვარიანტებთან შედარებით 10-15%-ით უფრო გადამდები იყოს.