რუსეთში საქართველოში წარმოებული ღვინოები დაიწუნეს. არაკომერციული ორგანიზაციის Роскачества-ს ექსპერტების მიერ შედგენილ ანტირეიტინგში, სადაც 15 დასახელების ღვინო მოხვდა, 6 საქართველოში წარმოებულია. კერძოდ, 5 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო ერთი - დე ფაქტო აფხაზეთშია წარმოებული.
ანტირეიტინგში მოხვდნენ დუგლაძეების ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული - ქინძმარაული, წინანდალი და საფერავი, აგრეთვე, „ქინძმარაული-მუზარადი“ და „ქინძმარაული-ბეთანელი“.
შპს (შეპესე) "დუგლაძეების ღვინის" კომპანიის თანადამფუძნებელი ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა დუგლაძეა. ის კომპანიაში 23%-იან წილს ფლობს, თუმცა იმის გამო, რომ დეპუტატის მანდატი მას სამეწარმეო საქმიანობას უკრძალავს, რეესტრის ამონაწერით წილის განმკარგავი არის დავით დუგლაძე.
"დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ აქციონერმა და მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა დუგლაძემ რუსეთში მათი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის სახეობებზე ნეგატიურ შეფასებას, "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, დაუსაბუთებლი და მიკერძოებული უწოდა. მისივე თქმით, კომპანია გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოეხმაურება. ახლა კი, საკითხის დეტალურ მოკვლევას აწარმოებენ.