ბოლო რამდენიმე თვეა, რაც რუსეთის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ფუტკრის ოჯახები მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მეფუტკრეების ეროვნული კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, ფუტკრების მასობრივი განადგურება ქვეყნის 20 რეგიონში ფიქსირდება. მისივე ვარაუდით, აღნიშნული პრობლემის გამო, რუსეთში თაფლის წარმოება 15-20%-ით შემცირდება.
ცნობისთვის, რუსეთი წელიწადში დაახლოებით, 100 ათას ტონა თაფლს აწარმოებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუ ფუტკრების მასობრივი ხოცვა გაგრძელდა, ეს პროდუქტის ფასზეც აისახება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფუტკრების შემცირება მთელი ევროპის მასშტაბით შეინიშნება, რაც სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. ისინი მიიჩნევენ, რომ კრიზისის მიზეზი რამდენიმეა, რომელთაგან უმთავრესი, კლიმატის ცვლილება და პესტიციდების გამოყენებაა.