რუსეთში სექტემბერში დაგეგმილ მასშტაბურ სამხედრო წვრთნაში - "ცენტრი- 2019" შვიდი ქვეყნის კონტიგენტი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, წვრთნებში, რომელიც 16-21 სექტემბერს გაიმართება, ჩართული იქნებიან ჩინეთის, პაკისტანის, ინდოეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის სამხედროები. წვრთნების მიზანი კოორდინირებული ოპერაციების დახვეწაა.
წვრთნებში, რომელიც რუსეთის 8 სამხედრო პოლიგონზე გაიმართება, 130 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო ტექნიკის 20 000-ზე მეტი ერთეული, დაახლოებით 600 საფრენი აპარატი და 15 ხომალდი იქნება ჩართული. ბოლოს აღნიშნული სამხედრო სწავლება 2015 წელს გაიმართა და მასში 95,000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.