ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურმა სამოქმედო ჯგუფმა (Financial Action Task Force-FATF) ორგანიზაციაში რუსეთის როლი და გავლენა უკრაინის ომის გამო შეზღუდა. ამის შესახებ FATF-ის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Frank Media ავრცელებს.
შეზღუდვების შედეგად ორგანიზაციის რუსი წევრები ხელმძღვანელ თანამდებობებს ვეღარ დაიკავებენ და საკონსულტაციო საბჭოებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ასევე, ვეღარ ჩაერთვებიან სტანდარტების შემუშავებაში, საექსპერტო შეფასებებში, FATF-ის მმართველობისა და წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ამასთან, რუსეთი ორგანიზაციის საექსპერტო განხილვისთვის შემფასებლებს, რეცენზენტებს ან სხვა ექსპერტებს ვეღარ წარადგენს.
FATF, ასევე, ყველა იურისდიქციას სიფხიზლისკენ მოუწოდებს, რომ რომელიმე მონაწილის მიერ სანქციების შესაძლო გვერდის ავლა არა დაუშვან.
ფულის გათეთრების წინააღდეგ ფინანსური სამოქმედო ჯგუფი სამთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც დანაშაულებრივი შემოსავლების გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალურ სტანდარტებს ამუშავებს, ასევე, ამ სტანდარტებთან ქვეყნების ეროვნული სისტემების შესაბამისობას აფასებს.