რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე შესაძლოა, კვოტები აღარ დააწესოს. როგორც რუსული მედია წერს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წელს მოსავალი არანაკლებ 125 მილიონი ტონა იქნება 45 მილიონი ტონის საექსპორტო პოტენციალით. აღნიშნული საკითხი რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსხვილ ექსპორტიორებთან შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც ცნობილია, წელს რუსეთმა ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის საკმარის მოცულობის შესანარჩუნებლად სპეციალური კვოტა დააწესა. 1-ლი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს გარეთ საექსპორტო მარცვლეულის მოცულობა მხოლოდ 7 მილიონი ტონა იყო.
ოფიციალური პროგნოზით, წელს რუსეთში 122 მილიონ 500 ათასი ტონა მარცვლეულის მოსავალს ელოდებიან. ამავე დროს, ექსპერტების პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია, კერძოდ, სოფლის მეურნეობის ბაზრის შემსწავლელი ინსტიტუტი (IKAR) 126 მილიონ ტონას ელოდება, „სოვეკონი“ – 128 მილიონ 600 ათას ტონას.