რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პირველად საჯაროდ აღიარა, რომ ბარენცის ზღვაში წყალქვეშა აპარატი, რომელზეც 1 ივლისს ავარია მოხდა, ბირთვული რეაქტორით იყო აღჭურვილი. როგორც მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას აღნიშნა, ღრმაწყლოვან წყალქვეშა აპარატზე საგანგებო სიტუაციის მიზეზი აკუმულატორების სექციაში ხანძარი გახდა, რის შემდეგაც ხანძარი გავრცელდა სხვა განყოფილებებზეც, თუმცა, იგი არ შეხებია ბირთვულ რეაქტორს.
"ატომური ენერგეტიკული დანადგარი ამ წყალქვეშა აპარატზე მთლიანად იზოლირებულია და იქ ადამიანები არ შედიან. ამას გარდა ეკიპაჟმა ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ დაეცვა ატომური დანადგარი. ის მთლიანად მუშა მდგომარეობაშია", - განაცხადა შოიგუმ.
რუსეთის თავდავის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წყალქვეშა აპარატს უმოკლეს დროში აღადგენენ. ხანძარს წყალქვეშა აპარატზე 1 ივლისს 14 მაღალი რანგის სამხედრო ემსხვერპლა.