უკრაინის პოტენციური გაწევრიანება ნატო-ში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაძაბულობის მასშტაბურ ზრდას გამოიწვევს,- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.
„ყურადღება მივაქციეთ უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებას, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება ხელს შეუწყობს რეგიონში კონფლიქტის დასრულებას. კიევის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ ვერ შეძლებს უკრაინისთვის მშვიდობის მოტანას, პირიქით, ეს გამოიწვევს დაძაბულობის ფართომასშტაბიან ზრდას სამხრეთ-აღმოსავლეთში, რამაც შეიძლება უკრაინის სახელმწიფოებრიობას შეუქცევადი შედეგები მოუტანოს", - აღნიშნა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ დონბასში, „კიევის საომარი განწყობის გამო“, ვითარება რთულია და კიდევ უფრო მწვავდება.
„კიევი დღემდე ცხოვრობს ილუზიებით, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შესაძლებელია,“- აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა.