აშშ-ში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ თუ შეერთებული შტატების ხელისუფლება ერთგულია უკრაინის შიდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის ძალისხმევის მიმართ, მათ უარი უნდა თქვან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის ახალი პარტიების მიწოდების გეგმებზე. მოსკოვი ასევე მოუწოდებს ვაშინგტონს, დაასრულოს „ისტერია“ დონბასის საკითხთან დაკავშირებით.
“18 იანვარს თეთრმა სახლმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ერთხმად ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დეესკალაციის ნაბიჯების არარსებობაზე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ჩვენს საკუთარ მიწაზე ჯარების გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ისტერია დონბასის პრობლემის გარშემო და რაც მთავარია - არ უბიძგოთ კიევში „ცხელ თავებს" ახალი პროვოკაციებისკენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.