2020 წლისთვის რუსეთში ღვინოზე აქციზის ფასი გაიზრდება. შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის ხელისუფლებამ მოამზადა. მოსალოდნელია, რომ 1 ლიტრ ღვინოზე აქციზის ფასი 18-დან 31 რუბლამდე, შუშხუნა ღვინოზე კი 36-დან 40 რუბლამდე მოიმატებს. გამოცემა "ვედომოსტის" ცნობით, ღვინის კომპანიების განმარტებით, ცვლილება დიდი ალბათობით, საცალო ფასის მატებას გამოიწვევს. გამოცემის ინფორმაციით, შეტანილი შესწორებები რუსულ და იმპორტირებულ ღვინოებს ათანაბრებს და რუსულ კანონმდებლობასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებს შორის არსებულ შეუსაბამობებს ასწორებს. გარდა ამისა, ამავე შესწორებების მიხედვით, ყურძენი, რომელიც ღვინის წარმოებაში გამოიყენება, აქციზს დაქვემდებარებულ პროდუქციათა რიცხვში შევა.ადგილობრივი მაღალჩინოსნის განმარტებით, ეს ღვინის ადგილობრივ მწარმოებლებს დაეხმარება, რადგან ის მეწარმეები, რომლებიც ღვინოს რუსული ყურძნისგან დააყენებენ, შეღავათებს მიიღებენ, იმპორტიორები კი აქციზს სრული განაკვეთით გადაიხდიან.