რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების შემდეგ ევროპაში გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა. კონტინენტზე ბუნებრივი აირის საცავების შევსებას ზამთრის კრიზისის ასარიდებლად ცდილობენ, თუმცა მოსკოვში სხვა გეგმები აქვთ.
ბოლო ერთ კვირაში გაზის ფასები ევროპაში 80 ევროდან 148 ევრომდე, დაახლოებით, 74%-ით გაიზარდა, შემდეგ კი მცირედით შემცირდა, ახლა კი კვლავ ზრდის ტენდენცია აქვს და 126-ევროიან ნიშნულზეა. უშუალოდ შემცირების დაანონსების შემდეგ კი ფასები 24%-ითაა გაზრდილი.
სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა რუსულმა კომპანია Gazprom-მა ჯერ დააანონსა, რომ Nord Stream 1-ის მილსადენით გერმანიაში გაზის მიწოდება 40%-ით შემცირდებოდა, შემდეგ კი მიწოდება იტალიასაც 15%-ით შეუმცირა, თუმცა, იტალიური ნავთობისა და გაზის კომპანიის, Eni-ს თანახმად, მიზეზი არ დაუსახელებია.
იტალია, გერმანიის შემდეგ, რუსული გაზის მეორე უმსხვილესი კლიენტია ევროპაში და მოსკოვს შეძენილი ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზეც კი დათანხმდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპა განსაკუთრებული ძალისხმევით ცდილობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს - აკრძალა რუსული ქვანახშირი, ნავთობის შესყიდვების უმეტესი ნაწილი წლის ბოლომდე შეწყდება, წიაღისეულ საწვავებზე დამოკიდებულების აღმოფხვრა კი 2027 წლამდე იგეგმება. თუმცა, გაზზე დამოკიდებულების შემცირება ბევრად უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ევროპა რუსული გაზის იმპორტზე ისევ დამოკიდებული რჩება.