რუსეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკში გამართულ კრემლის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ეს უკვე მეოთხე შაბათ-კვირაა, როდესაც მოქალაქეები კრემლის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს ატარებენ, სადაც ისინი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დამოკიდებულებას აკრიტიკებენ ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის მიმართ. როგორც "როიტერსი" იტყობინება, ხაბაროვსკის მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან 9 ივლისს რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავების გამო. ფურგალი მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, რასაც ის უარჰყოფს. მხარდამჭერების განცხადებით, მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. დემონსტრანტები მთავრობის შენობასთან სკანდირებდნენ: "თავისუფლება", "პუტინი გადადგეს!", პლაკატებზე კი ეწერათ: "რუსეთი პუტინის გარეშე".