რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთის მიმართვის განხილვის განმავლობაში, რომელიც ოსების გენოციდის აღიარებას უკავშირდება, საქართველო მათთან ითანამშრომლებს.
ვოლოდინის თქმით, რუსი დეპუტატებისთვის "მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება იყოს ობიექტური".
დუმის სპიკერის განცხადებით, "ყველამ უნდა შეიგნოს, რომ თუკი სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ ამგვარი ქმედებები მართლაც მოხდა, ამის აღიარება სწორი ნაბიჯი იქნებოდა".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერის ივან მელნიკოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვის შედეგად, დუმაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც "1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსების წინააღმდეგ საქართველოს მიერ გენოციდის საკითხს შეისწავლის".