რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბებსა და მის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ოფისებში, ასევე ამ ორგანიზაციების თანამშრომლების ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ნავალნის ორგანიზაციების გარდა არასამთავრობო ორგანიზაცია "გოლოსის" აქტივისტების ბინებსაც ჩხრეკენ, საუბარია დაახლოებით 100 მისამართზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ნავალნის შტაბის უფროსმა ლეონიდ ვოლკოვმა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის "აგორას" ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა განაცხადეს.
3 აგვისტოს, რუსეთის ხელისუფლებამ "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" წინააღმდეგ მილიარდი რუბლის გათეთრების თაობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ნავალნის შტაბის უფროსი ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ ჩხრეკა ოფიციალურად სწორედ ამ საქმესთან არის დაკავშირებული.
ამასთან, ვოლკოვი ადრე წერდა, რომ მილიარდი რუბლის გათეთრების საქმე მთლიანად პოლიტიკურია. ხელისუფლებას სურს, 3 წლის მანძილზე, ნავალნის ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოწირულებას დაარქვას ფულის გათეთრება და ნავალნის ორგანიზაციის რეგიონულ ფილიალებს დაფინანსების წყარო მოუსპოს.