მსოფლიოში რუსულ ხორბალზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ქვეყნიდან 20%-ით მეტი ხორბალი გავიდა, ვიდრე 2019-ში. მთლიანად კი 138 ქვეყანაში რუსული მარცვლეულის იმპორტის მოცულობამ 57 მილიონ 500 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 38 მილიონ 300 ათასი ტონა ხორბალი იყო.
რუსული ხორბლის ძირითადი შემსყიდველები არიან: თურქეთი, ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და ბანგლადეში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყანამ 2020 წელს რუსეთიდან ხორბლის შესყიდვა მნიშვნელოვნად გაზარდა.
მსოფლიოს ანალოგიურად იზრდება რუსული ხორბლის იმპორტი საქართველოშიც. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში რუსეთიდან 448 ათას 400 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, ეს კი 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 11 თვეში საქართველომ ჩრდილოეთში სულ 379 ათას 400 ტონა ხორბალი იყიდა.
გარდა ამისა, გაიზარდა რუსული ხორბლის წილი მთლიან იმპორტში. კერძოდ, თუ 2019 წლის იანვარ-ნოემბერში მთლიანად იმპორტირებულ ხორბალში რუსული პროდუქციის წილი 87% იყო, 2020 წლის 11 თვეში მისი მოცულობა 99%-მდე გაიზარდა.