ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 444 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13,9%-ით ანუ 18 მილიონ 300 ათასი დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2018 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 131 მილიონ 400 ათასი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 36 მილიონ 299 ათასი დოლარი გადმოირიცხა. მას მოსდევს იტალია - 21 მილიონ 75 ათასი დოლარით, მე-3 ადგილზე კი საბერძნეთია - 15 მილიონ 922 ათასი დოლარით. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციბს ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ინაწილებენ, შესაბამისად, 15 მილიონ 392 ათასი და 13 მილიონ 551 ათასი დოლარით.
რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხულ ფულად მოცულობებს, სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20 მილიონ 500 ათასი დოლარი ანუ 60 მილიონ 700 ათასი ლარი გაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 6,5%-ით მეტია. 2018 წლის სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული თანხა 19 მილიონ 200 ათას დოლარს შეადგენდა.