გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, დატოვოს საერთაშორისო სააგენტო სწორედ მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნები რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ქვეყნის ორგანიზაციიდან გაძევების კენჭისყრისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის ორგანიზაციიდან გასვლის მიუხედავად, ასამბლეა ქვეყნის წევრობას მაინც შეაჩერებს, რადგან აღნიშნულს მყისიერი ეფექტი ექნება, ხოლო ორგანიზაციიდან რუსეთის გაყვანის ოფიციალურ პროცესს ერთი წელი დასჭირდება.
მათივე ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, ორგანიზაციის წევრები მხარს დაუჭერენ რუსეთის წევრობის შეჩერებას და ამით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მაგალითს მისცემენ.
აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ,,ტვიტერის" გვერდზე გამოეხმაურა და ზურაბ პოლოლიკაშვილს პრინციპული პოზიციის გამო მადლობა გადაუხადა.