რუსეთეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მაისში, შვეიცარიამ რუსული ოქრო პირველად შეიძინა, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. თავისთავად ეს მნიშვნელოვანია, რადგან შვეიცარია ოქროს უმსხვილესი სატრანზიტო ცენტრია, ხოლო რუსეთი – მისი ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი. მიმდინარე წლის მაისში, რუსეთიდან შვეიცარიაში 200 მილიონი დოლარის ღირებულების 3 ტონა ოქრო შევიდა, რაც შვეიცარიის მიერ იმპორტირებული ოქროს დაახლოებით 3%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ოქროს კომერციულ ტრანზაქციებს პირდაპირ არ შეხებია, მიუხედავად ამისა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბანკებმა და ოქროთი მოვაჭრეებმა რუსეთიდან ძვირფასი ლითონის იმპორტი შეაჩერეს. რაც შეეხება ექსპორტს, შვეიცარიიდან ჩინეთში გატანილი ოქროს მოცულობა შემცირდა, მაგრამ ინდოეთში – გაიზარდა.
ცნობისთვის, ჩინეთი და ინდოეთი ოქროს მსოფლიოს ორი უმსხვილესი სამომხმარებლო ბაზარია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი რუსული ოქროს სანქცირებას გეგმავს – ამგვარი შემოთავაზება ევროკავშირში დანიის ელჩმა გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. ჯერჯერობით უცნობია, ახალი სანქციები რუსული ოქროს იმპორტს შეეხება, ექსპორტს, თუ – ორივეს.