"პატრიოტთა ალიანსი" სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მას არ აქვს სრული ლეგიტიმაცია ხალხისგან - აცხადებს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ არჩევანი მხოლოდ ცუდს და უარესს შორის გააკეთა. გიორგი ლომიას თქმით, ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მივა და არ აქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას "პატრიოტთა ალიანსის" რომელიმე ლიდერი.როგორც პარლამენტარი ამბობს, ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეფის სასახლეში. მისი აზრით, თბილისში ინაუგურაციის ჩატარებაზე უარი იმით იყო განპირობებული, რომ ხელისუფლება არეულობას გაექცა.