რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ვიზიტის ფარგლებში სამხრეთით მდებარე ქალაქ ნაჯაფს ესტუმრა და ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, აიათოლა ალი ალ სისტანს შეხვდა.
ნაჯაფში შესვლისას კათოლიკური სამყაროს წინამძღოლს გზად ბავშვები შეეგებნენ, რომლებსაც ერაყისა და ვატიკანის დროშები ეკავათ. როგორც „როიტერი“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომის პაპი შიიტების ასეთ უმაღლეს სასულიერო პირს შეხვდა.
სააგენტოს ცნობით, აიათოლა ალი ალ სისტანი შიიტური ისლამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც ერაყში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკაზე. 90 წლის სისტანი ახლა იშვიათად იღებს შეხვედრებში მონაწილეობას. მან უარი თქვა ერაყის მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან მოლაპარაკებებზე.
პრეზიდენტის წყაროს ინფორმაციით, სისტანი პაპთან შეხვედრას დათანხმდა იმ პირობით, თუ მას ერაყის ოფიციალური პირები არ დაესწრეოდნენ. შეხვედრა მის სახლში შედგა.