კორონავირუსის გამო რამდენიმე სპორტული ღონისძიებები გადაიდო. იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი შეწყდა, და შესაძლოა აღარც გაგრძელდეს. მთელი ქვეყანა წითელ ზონად გამოცხადდა და სერია A 3 აპრილამდე შეწყდა. იტალიური მედიის ცნობით თუ ვითარება არ გამოსწორდა, მისი განახლება შეუძლებელი იქნება. ასეთ შემთხვევაში სკუდეტო არცერთ გუნდს არ გადაეცემა და პირველი ადგილისთვის ბრძოლის შედეგები ანულირდება.
ამავე მიზეზით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა კამპ ნოუზე, სადაც იტალიური ნაპოლი ჩავა, მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ესპანეთში შიშბენ, რომ ნაპოლის ფანები შესაძლოა ვირუსის მატარებლები აღმოჩნდნენ და სტადიონზე მისული სხვა გულშემატკივარიც დააინფიცირონ. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ ბარსელონასა და ნაპოლის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართოს.
საინტერესოა, რომ "ხეტაფეს" პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა "ინტერთან" ევროპა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის ჩასატარებლად მილანში გაფრენაზე უარი განაცხადა. ტორესის თქმით ისინი მზად არიან დაისაჯონ, მაგრამ ფეხბურთელების და გულშემატკივრების სიცოცხლით გარისკვას არ აპირებენ.
პრევენციული ზომების მიღება გადაწყვიტა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ. ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ორი ტური უმაყურებლოდ ჩაივლის. როგორც ლა ლიგის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ლა ლიგის 28-ე და 29-ე ტური, ხოლო სეგუნდა დივიზიონის 32-ე და 33-ე ტური დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.