როგორც გააფუჭეს ეს საქმე, ისე გააკეთონ, - ასე მიმართავს ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის მეუღლე ტატიანა ცერცვაძე-მესხი საქართველოს ხელისუფლებას. მისი განმარტებით, გია ცერცვაძეს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება მიმდინარეობდა და არც ის იცოდა, რომ "ინტერპოლის" მიერ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. რაც შეეხება უკრაინაში ცერცვაძის ცხოვრების და მიმოსვლის საკითხს, ვიცე-პოლკოვნიკის მეუღლის თქმით, ის უკრაინაში მუშაობდა. ვიცე-პოლკოვნიკი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.