თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ივლისს გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლულმა შვიდივე პაციენტმა „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ რეგიონული ჰოსპიტალი გუშინ რამდენიმესაათიანი მკურნალობის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ პალიტრანიუსს აღნიშნული კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმმა ტოქსიკოლოგმა ოთარ დიხამინჯიამ განუცხადა. მისივე თქმით, რამდენიმესაათიანი გამოკვლევების, დაკვირვებისა და მკურნალობის შემდეგ შვიდივე პაციენტი ბინაზე გაეწერა. ექიმის თქმით, მათ აბულატორიული მეთვალყურეობა დაენიშნათ. დიხამინჯიას განცხადებით, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, დაზარალებულებისთვის უცნობია. ექიმი-ტოქსიკოლოგის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. პაციენტებს რამდენიმე დღის შემდეგ გამოკვლევები კიდევ ჩაუტარდებათ.