თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, დენდროლოგიური პარკის ტერიტორია 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. პარკის განახლება-კეთილმოწყობას დაახლოებით, 2 წელი დაჭირდება, რადგან საკმაოდ მასშტაბურია. იქვე ახლოს გადავა ზოოპარკი.
თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობაზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს. პროექტის შექმნაზე ტენდერი დედაქალაქის მერიამ გასული წლის ზაფხულში გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 830 ათას 508 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა 2-მა კომპანიამ მიიღო - შპს არტსტუდიო-პროექტი და შპს კარკასი. საბოლოო ჯამში სატენდერო კომისიამ თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტის შექმნა „არტსტუდიო-პროექტს“ მიანდო. ყველა გადასახადის ჩათვლით, მერიას დენდროლოგიური პარკის პროექტირება 932 ათას 200 ლარი დაუჯდა.