თბილისში, დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი თავიდან გამოცხადდა. ივნისში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, რადგან სატენდერო კომისიის ცნობით, ხარჯთაღრიცხვის კორექტირება გახდა საჭირო. პარკის მოწყობის მიზნით, ტენდერი მეორედ 1-ელ ივლისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 14 მილიონ 864 ათას 406 ლარია. მაშინ როცა, წინა ტენდერის მიხედვით, ღირებულება 14 მილიონ 851 ათას 39 ლარი იყო.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მათ შორის: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი და მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო და ეკო ხიდი მოეწყობა. რაც შეეხება დენდროლოგიას, პარკის ტერიტორიაზე ჯამში, 752 ახალი მცენარე დაემატება.
ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 480 კალენდარული დღე, ხოლო, დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბერია.