თბილისში, დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 14 მილიონ 851 ათას 39 ლარია.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მათ შორის: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი და მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ამასთან, პარკის ტერიტორიას ჯამში, 752 ახალი მცენარე დაემატება.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 480 კალენდარული დღე, ხოლო დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბერია.