თბილისის მერია „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს იქნება 1-კილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება 7 სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან და მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვენა სანაპიროს და გაგარინის ქუჩას დააკავშირებს.
მისივე თქმით, ერთი გზა, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია, არის ლისიდან ჩამოსასვლელი, რაც ამ პროექტის მეორე ნაწილი იქნება, ხოლო სამომავლოდ პროექტის მესამე ნაწილი მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირებაა.
ამასთან, სავარაუდო პროექტით, სანაპიროებზე გადამსვლელი ხიდი სამტრედიის ქუჩას დაუკავშირდება.