თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება საერთაშორისო ვიზიტად ყოფნის პერიოდში?! - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ არ გააკეთა პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადება გადადგომის თაობაზე პროტესტის პირველივე დღეს, 20 ივნისს, თუკი მას აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ჰქონდა მიღებული.„ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მზაყოფნა იმ დღესვე დაეტოვებინა თანამდებობა, მაგრამ ის იმყოფებოდა საერთაშორისო ვიზიტით ბაქოში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება საერთაშორისო ვიზიტად ყოფნის პერიოდში? მან შეწყვიტა ვიზიტი, დაბრუნდა საქართველოში პირველივე რეისით და იმ მომენტშივე მოხდა მის მიერ ამ განცხადების გაკეთება, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს ფორმატში. აქედან გამომდინარე ეს შეკითხვა, რაც თქვენ დასვით, აცდენილია იმ რეალურ ქრონოლოგიას, რაც იმ დღეს მოხდა. ის როგორც კი დაბრუნდა იმ მომენტშივე მოხდა შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში და მოხდა მისი განცხადების გაჟღერება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.