- Cushman & Wakefield-ის კვლევა
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman&Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს წარმოადგენდა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ბათუმში მიმდინარე მშენებლობები. მშენებლობის პროცესი შეჩერდა გამოკითხული კომპანიების უმეტესობაში და ამ პერიოდმა 20 დღიდან 2 თვემდე გასტანა. მნიშვნელოვანი ცვლილებაა გაყიდვების მიმართულებითაც. დეველოპერების თქმით, გაყიდვები 50%-დან, ზოგიერთ შემთხვევაში, 100%-მდეა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების უმეტესი ნაწილი გადავიდა გაყიდვების ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე, მათივე თქმით, ეს მიდგომა არ არის გამართლებული.
კვლევის ფარგლებში დეველოპერულმა კომპანიებმა ის კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთეს, რა მხრივაც ელიან, ან საჭიროებენ მხარდაჭერას, როგორც სახელმწიფოს, ასევე საფინანსო სექტორის მხრიდან. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარდაჭერის წყაროს დღგ-ს, საშემოსავლოსა და ქონების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათები წარმოადგენს. გარდა ამისა, დეველოპერებმა ისაუბრეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერების მნიშვნელობაზეც.