თანამედროვე მოდის სამყაროში ვერ იპოვით ადამიანს, რომელმაც უფრო დიდი გავლენა მოახდინა ინდუსტრიაზე, ვიდრე ანა ვინტურმა. ის ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორია. ანა ცნობილია სათვალეების სიყვარულით და ვარცხნილობით, რომელსაც წლებია, ატარებს. ვინტური ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მოდის სფეროში ცნობილი ადამიანი და ამიტომ, გვინდა მისი მწვერვალების დაპყრობის ისტორია.
მისი ბავშვობის მთავარი ქალაქი ლონდონი იყო. მრავალი თვალსაზრისით, მისმა კულტურამ ახალგაზრდა გოგონას ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. სწორედ ამ ქალაქში დაიწყო მოდის ინდუსტრიის გაცნობა და შეყვარება. 15 წლის ასაკში ის ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდვლად იწყებს მუშაობას, შემდეგ კი სკოლას ტოვებს და პირველ ნაბიჯებს lifestyle-ის ჟურნალისტიკაში დგამს. ასეთ პატარა ასაკში ანა უარს ამბობს განათლებაზე და ყველა რესურსს საკუთარი ოცნების ასრულებაში დებს.
სამოდელო კარიერა ლონდონში Harper's & Queen-ში დაიწყო. შემდეგ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და Harper's Bazaar-ში ასოცირებულ რედაქტორად დაიწყო მუშაობა. 80-იან წლებში ჟურნალისტმა კიდევ რამდენიმე პრიალა პუბლიკაციასთან ითანამშრომლა, ხოლო 1985 წელს კი მთავარ კარიერულ კიბემდე მივიდა - დაბრუნდა ლონდონში, რათა ბრიტანული Vogue-ის მთავარი რედაქტორის ადგილი დაეკავებინა, მაგრამ არცთუ დიდი ხნით მოუწია ამ პოსტზე მუშაობა. გამომცემლობამ იმდენად დააფასა ვინტურის ენერგია, შრომა და პასუხისმგებლობა, რომ უკვე 1988 წელს იგი ამერიკაში მიიწვიეს და ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდა. ანამ გადაწყვიტა, მისი ჟურნალის ფურცლებიდან შექმნილიყო მთავარი ტენდენციები და მას ეკარნახა თამაშის წესები დიზაინერებისა თუ მოდელებისათვის. ანამ ჟურნალს უდიდესი პოპულარობა მოუტანა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემად გადააქცია. 1989 წელს, მაისის ნომრის გარეკანზე მადონა დაბეჭდეს. ის იყო არა მხოლოდ პირველი მომღერალი ამ გამოცემის გარეკანზე, არამედ უბრალოდ პირველი ადამიანი, რომელიც სამოდელო სფეროს არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ რედაქტორებმა აქცენტი მოდელებიდან ცნობილ ადამიანებზე გადაიტანეს და ამ ტენდენციას ბევრი პრიალა პუბლიკაცია აჰყვა.
ანამ გააცნობიერა, თუ რამდენად დამოკიდებულია მოდის სამყაროში კავშირებზე, ამიტომ მის ახლო წრეში ყოველთვის იყვნენ: წამყვანი დიზაინერები – კარლ ლაგერფელდი, ოსკარ დე ლა რენტა; კაშკაშა მსახიობები და სპორტსმენებიც კი, როგორიცაა, მაგ: ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი. ის ყოველთვის პირადად ესწრება ყველაზე მნიშვნელოვან შოუებსა და ღონისძიებებს და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტუმარია. მთავარი რედაქტორობის ისტორიაში ანა ათასობით შოუსა თუ ჩვენებას დაესწრო.
აქვს მკაცრი, შეუპოვარი ხასიათი და ესეც განაპირობებს მის წარმატებას. მეტიც, მერილ სტრიპის მკაცრი პერსონაჟი ფილმში „ეშმაკი ატარებს პრადას“, როგორც ამბობენ, ანა ვინტურითაა შთაგონებული.
15 წლის ასაკში მან პირველად მოირგო თავისი საკულტო ვარცხნილობა, ბობ-კარე და მას შემდეგ ეს ანა ვინტურის სტილის განუყოფელი ნაწილია. ასევე, ხშირად ატარებს Chanel-ის შავ სათვალეს.2007 წელს გიგანტური, 800-გვერდიანი ნომერი გამოვიდა, სადაც თავმოყრილი იყო უამრავი ინფორმაცია და ყოველთვიური ჟურნალების ისტორიაში ეს ყველაზე დიდი გამოცემა გახდა. ნომერი თითქმის 2 კილოგრამს იწონიდა. მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანი იყო მოდის ინდუსტრიისთვის, რომ მასზე დოკუმენტური ფილმი "სექტემბრის ნომერი" გადაიღეს და ამ ფილმის გადაღებებში თავად ანამაც მიიღო მონაწილეობა.
ანა ვინტური მხოლოდ ერთხელ, დევიდ შეფერზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ორი შვილი, ჩარლზი და კეტრინი ჰყავს. იგი ქმარს 1999 წელს, 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მისი პარტნიორი ბიზნესმენი შელბი ბრაიანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 2020 წელს, 20-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. ანა ვინტურის პირადი ცხოვრება ყოველთვის მკაცრადაა გასაიდუმლოებული და მხოლოდ ცოტა რამაა ცნობილი.
ანა ვინტურმა საკუთარი სახელი თავად შექმნა. ის იდეალური მაგალითია იმისა, რომ შეუპოვრობა, შრომა და მონდომება ადამიანს წარმატებისკენ აუცილებლად მიიყვანს. მან არა მხოლოდ შეცვალა მოდის ინდუსტრია და გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჟურნალის რედაქტორი, არამედ უამრავ ქალს შთააგონა, რომ საკუთარი ოცნებებისთვის სულ იბრძოლონ და არასოდეს დანებდნენ.