ეკრანზე გატარებული 19 წლის შემდეგ ცნობილი ამერიკული ტელეგადაცემა, ელენის შოუ, დაიხურა. გადაცემის ბოლო ეპიზოდი ცოტა ხნის წინ გავიდა ეთერში. მისი ავტორი და წამყვანი ელენ დეჯენერესი კი მაყურებელს ემოციურად დაემშვიდობა.
ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გახდა ცნობილი, რომ ელენის შოუ მომდევნო სეზონით დასრულდებოდა. ერთი მხრივ, ამის მიზეზი კონტრაქტის ამოწურვაა, მეორე მხრივ კი — შოუს და მისი წამყვანის რეპუტაციის შელახვა რასიზმისა და შევიწროების ბრალდებების შემდეგ.
გადაცემის ფინალური ეპიზოდის მონოლოგში დეჯენერესმა ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ შეიცვალა სამყარო ლგბტქ ადამიანების მიმართ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
"20 წლის წინ, როცა შოუს გაყიდვას ვცდილობდით, არავის ეგონა, რომ ეს გამოვიდოდა", — ჰყვება ელენი, — "იმიტომ კი არა, რომ შოუ იყო განსხვავებული, იმიტომ, რომ მე ვიყავი განსხვავებული. ეს გადაცემა რომ დავიწყეთ, სიტყვა 'გეის' თქმაც კი არ შემეძლო. ამის უფლება არ მქონდა. ვერ ვამბობდით 'გეის'. ვერც სიტყვას 'ჩვენ', რადგან ეს მიუთითებდა, რომ მე ურთიერთობა მქონდა. რა თქმა უნდა, არც 'ცოლის' ხსენება შემეძლო, რადგან მაშინ გეი ადამიანებს ქორწინება არ შეეძლოთ. ახლა კი სულ 'ცოლს' ვიძახი".
დეჯენერესმა ასევე აღნიშნა, რომ 25 წლის წინ მისი სიტკომი იმიტომ დახურეს, რომ "არ სურდათ, ლესბოსელი ყოველკვირეულად გამოჩენილიყო ტელეეკრანზე".
დასასრულს ელენმა მადლობა გადაუხადა თავის თანამშრომლებსა და შოუს პროდიუსერებს. ამის შემდეგ კი მან კიდევ ერთხელ მიმართა მაყურებელს.
"თუკი რამე გამიკეთებია ბოლო 19 წლის განმავლობაში, იმედია, გიბიძგეთ, რომ თქვენი თავი იყოთ. თქვენი ნამდვილი თავი", — განაცხადა ელენმა, — "და თუკი ვინმეს ჰყოფნის გამბედაობა, რომ გითხრათ, ვინ არის, თქვენც გამოიჩინეთ სიმამაცე და მხარი დაუჭირეთ მას, მაშინაც კი, თუ მისი არ გესმით. ისინი ხომ გაჩვენებენ, ვინ არიან სინამდვილეში, ეს კი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომლის ჩუქებაც შეუძლიათ. თქვენი გულისა და გონების კარის გაღებით უფრო თანამგრძნობი გახდებით. თანაგრძნობა კი ისაა, რაც სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს. დიდი მადლობა, რომ ამ მოგზაურობაში გამომყევით. თქვენს სიყვარულს ვგრძნობ და პასუხადაც იმავეს გიბრუნებთ. ნახვამდის".