საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ტურიზმის დახმარების 200-მილიონიანი პაკეტი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ადგილობრივი ტურიზმისთვის ქვეყანა 15 ივნისიდან საერთაშორისო ტურიზმისთვის კი 1 ივლისიდან გაიხსნება. ამასთანავე, დოკუმენტში განხილულია თუ როგორ გაანაწილებს მთავრობა აღნიშნულ 200 მილიონიან პაკეტს ტურიზმის ინდუსტრიაზე.
სუბსიდირების ფარგლებში ტურისტული ინდუსტრიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება ან მათი გადავადება მოხდება, რისთვისაც მთავრობა ბიუჯეტიდან 90 მილიონ ლარს გამოყოფს. ამასთან, ტურისტული ინდუსტრიისთვის ქონების გადასახადი 2020 წელს მთლიანად გაუქმდება, რაც მთავრობას 45 მილიონი ლარი დაუჯდება.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის ფარგლებში სამი ათასი სასტუმროსთვის მთავრობა სესხების სუბსიდირებასაც განახორციელებს, რაც ბიუჯეტს 60 მილიონი ლარი დაუჯდება. ხოლო უშუალოდ ტურისტებისა და გიდების მხარდაჭერისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარს გამოყოფს.