ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ნათია თურნავა ამჯერად ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს შეხვდა. მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. მინისტრისა და ბიზნესსექტორის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს.ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა არსებული სიტუაციის შეფასება, თუ როგორ აისახა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა ტურისტულ ნაკადებსა და შესაბამისად, მათ საქმიანობაზე. მინისტრი პირადად გაეცნო კერძო სექტორის ხედვას, თუ სახელმწიფომ რა დახმარება და მხარდაჭერა შეიძლება მათ გაუწიოს არსებული სიძნელეების დაძლევის პროცესში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია საერთო სურათის შეფასებისა და არსებული გამოწვევების დარეგულირების გეგმის დასახვის პროცესში.