აღდგომა ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავდება ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციებიც. საქართველოში აღდგომისთვის მზადება ერთი კვირით ადრე იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სხვადასხვა ტრადიცია აქვს, ამ დღესთან დაკავშირებით, მათ აერთიანებთ სააღდგომო სუფრის გაშლის წესი, რომლის აუცილებელი ატრიბუტებია სააღდგომო წითელი კვერცხები და პასკა. ტრადიციები უკავშირდება აღდგომას მსოფლიოს დანარჩენ ქრისტიანულ ქვეყნებშიც. დღევანდელ გემრიელიას რუბრიკაში ვნახოთ თუ როგორ ხვდებიან აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, ამიტომ აქ დაახლოებით ისეთივე ტრადიციებია, როგორიც საქართველოში. სააღდგომო კვერცხებს ღებავენ და შაბათ საღამომდე ინახავენ. მორწმუნეები აღდგომის წინა საღამოს ტაძარში ლოცვაზე ანთებული თეთრი სანთლებით მიდიან, შუაღამეს სანთლებს ყველა აქრობს, ანთებული სანთლები კიქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
ბერძენთა სააღდგომო სუფრა ბუნებაში იმართება. აქ აუცილებლად იხსენება რეცინა ანუ წინა წლის მოსავლის პირველი ღვინო და წვავენ პატარა ბატკნებს. განსაკუთრებულ მხიარულ გარემოს ქმნის ბერძნული სიმღერები და ცეკვა, რომელიც დილამდე გრძელდება. აღდგომა აქ მთელი კვირის განმავლობაში აღინიშნება და ამ პერიოდში ყველა ისვენებს.
გერმანია
გერმანელები აღდგომას Ostern-ს უწოდებენ. ამ დღესასწაულის სიმბოლო მათთვის, ნაირფერად შეღებილი კვერცხების გარდა, შოკოლადის ბაჭიებია. ოქროსფერ სადღესასწაულო ბაჭიებს, სხვა საჩუქრებთან ერთად, მშობლები ეზოებისა და სკვერების კუთხეებში მალავენ. ბავშვები ფერად კვერცხებსა და სადღესასწაულო საჩუქრებს პოულობენ და სწამთ, რომ სწორედ სააღდგომო ბაჭიამ მოუტანა მათ ისინი. ეს ტრადიცია მე-17 საუკუნიდან იღებს სათავეს. ამ დღისთვის ბავშვები სააღდგომო ბაჭიებს ხატავენ და იქვე სურვილებს წერენ. სააღდგომოდ გერმანელები ხეებს ფერად-ფერადი კვერცხებით რთავენ.
ესპანეთი
ესპანური კათოლიკური ეკლესია განსაკუთრებულად აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს. ამ დღეს ესპანელები სპეციალურ ფორმას იცვამენ და მოსახლეობა მონაწილეობას იღებს წმინდა კვირის მსვლელობებში. ბავშვებს ჯიბეები სავსე აქვთ კანფეტებითა და ტკბილეულით, რომლებსაც ქუჩაში ურიგებენ გამვლელებს. ამ დღის სიმბოლო საკონდიტრო ნაწარმი "მონა" და ფერადი კვერცხია. წითელ პარასკევს ესპანეთში სიჩუმის ღამეა - ჩაბნელებულ ქუჩებში იესოს ქანდაკებას გამოასვენებენ, ზოგიერთი მორწმუნე კი ქუჩებში ფეხშიშველიც დადის. კვირას დილით კი ოვაციებითა და სიხარულით ეგებებიან იესოს აღდგომის რიტუალს.
ინგლისი
ინგლისელებისთვის აღდგომა ბევრად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვიდრე შობა. სააღდგომო წირვა სრულდება ნაშუაღამევს. მერე საორგანო კონცერტი იწყება. ამის შემდეგ ყველა ერთმანეთს დიდმარხვის დასრულებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავს. ეკლესიას რთავენ ნარცისებითა და შეღებილი კვერცხებით. ოჯახის წევრები კი ერთმანეთს სააღდგომო პასქებითა და შოკოლადის კვერცხებით უმასპინძლდებიან. ამ დღეს მიღებულია ახალი სამოსის ჩაცმაც, რისთვისაც ღია ცის ქვეშ ეწყობა ბაზრობები.
იტალია
აღდგომა იტალიელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. ვნების პარასკევს ქუჩაში ჯვრებითა და სანთლებით ხელში აწყობენ მსვლელობას ვატიკანიდან კოლიზეუმამდე. აღდგომას კი ვატიკანის მთავარ მოედანზე რომის პაპი მართავს მესას. იტალიელები აღდგომის დღესასწაულს ოჯახურ წრეში აღნიშნავენ. ეწყობა სააღდგომო საუზმე, რომელზეც ფერად კვერცხებს, ყველიან ღვეზელებსა და ნეაპოლურ ტორტს მიირთმევენ. იტალიურ სააღდგომო სუფრას ყოველთვის ამშვენებს შემწვარი ბატკნის ხორცი.
საფრანგეთი
საფრანგეთში ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით ზარებს არ რეკავენ. სიმბოლურად ეს იესოს წამებისა და სიკვდილის მწუხარების გამოხატულებაა. როგორც კი დაიწყება ზარების რეკვა ერთმანეთს ულოცავენ ქრისტეს აღდგომას, შემდეგ კი ტრადიციულად ერთმანეთს შეღებილ კვერცხებს ჩუქნიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან გატეხვაში. აქ ძირითადად წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებში იღებება კვერცხი. ისინი შოკოლადის კვერცხებსაც ამზადებენ და ბავშვებს უმალავენ საპოვნელად.
რუმინეთი
რუმინეთში დიდი ხუთშაბათიდან დასვენებაა და მზადება იწყება აღდგომის დღესასწაულისთვის. აცხობენ კულიჩებს, ღებავენ კვერცხებს. პასკას ჯვრით რთავენ და ნაწნავის ფორმას აძლევენ. ჯვრის ოთხივე მხარეს ხაჭოს დებენ. ტრადიციის მიხედვით რუმინელები ბატკანსაც წვავენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სააღდგომო სუფრაზე მას.
პოლონეთი
აღდგომას აუცილებლად შეღებილი კვერცხებითა და სააღდგომო "ბაბკით" ხვდებიან. სუფრაზე ყოველთვის აქვთ პირშუშხა და ძეხვი. პოლონელები "სველ ორშაბათს" აღნიშნავენ და ამ დღეს გამვლელებს წყალს ასხამენ, ეს კეთილი სააღდგომო ტრადიციაა.
აშშ
აშშ-ში აღდგომა დღეს ტრადიციის მიხედვით დაქანებულ გაზონზე აგორებენ კვერცხებს, ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ვინც უფრო შორს გააგორებს კვერცხს გამარჯვებულიც ის არის. ბოსტონში აღდგომის მოსვლასთან ერთად დახლებზე მოსე წინასწარმეტყველისა და იესო ქრისტეს მოლაპარაკე თოჯინები ჩნდებიან. ეს იდეა ერთ-ერთ ოჯახურ წყვილს გაუჩნდა, რომლებიც შვილს ბიბლიას ასწავლიდნენ.
ამ დღეს ტრადიციის მიხედვით, პრეზიდენტმა ბავშვებს თეთრ სახლში უნდა უმასპინძლოს და საარდგომო კვერცხები მისცეს.
ბრაზილია
ბრაზილიაში ძირითადად კათოლიკე ქრისტიანები ცხოვრობენ. აქ სააღდგომო ტრადიციები რამდენიმე საუკუნის წინ გერმანელებს ჩაუტანიათ. სააღდგომო კურდღელი და ფერადი კვერცხები. ბრაზილიელები ადრე იწყებენ ამ დღესასწაულისთვის მზადებას, მათი სუფრა ძირითადად ტკბილეულისგან შედგება და ერთმანეთს საზეიმოდ ჩუქნიან შოკოლადის კვერცხებს, რომლებშიც სათამაშოებია.