საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბიზნესასოციაციის წევრები შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საპენსიო, კაპიტალის ბაზრის რეფორმები და ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები განიხილეს, რომლის თანახმადაც მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა იზღუდება. ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით ახალ რეგულაციებს ბიზნესზე ნეგატიური გავლენა ექნება.ეროვნული ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საბანკო სფეროსა და მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებსაც. ბიზნეს სექტორის განმარტებით, თუ სესხის გაცემა შეიზღუდება შემცირდება საბანკო სესხების რაოდენობაც და მომხმარებლები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებენ, თუმცა ბიზნეს-სექტორის მოლოდინით, ახალი რეგულაციებით ჭარბვალიანობის პრობლემა ვერ მოგვარდება. ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა იზღუდება. ამასთან, სებ-ი მუშაობს დოკუმენტზე, რომლითაც, სესხის გაცემისას შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება. რეგულაციების ერთ-ერთ მიზეზად ჭარბვალიანობა სახელდება.